Tuesday, November 29, 2016

გრიგოლ ორბელიანი-თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში(ანალიზი)

ქვეყნის გადარჩენის იმედს პოეტი ღვთის სახლში ხედავს.მისთვის ტაძარი ერთადერთი ნავსაყუდელია,რომელიც სიმშვიდეს ანიჭებს.რწმენით აღავსებს და განწმენდს.ეკლესიაში ეგულება გრიგოლ ორბელიანს ქართველთა დასამარებული რწმენის მაცოცხლებელი წყარო.თამარის ეპოქა ქართველთათვის განვლილი ტკბილი სიზმარია,რომლის გახსენებაც სიამაყით აღავსებს ქართველი ხალხის გულს. 
ბეთანიაში განმარტოებული პოეტი თავდავიწყებას მიესწრაფვის, რათა ვეღარ დაინახოს და იგრძნოს ის, რაც ხდება მისდროინდელ საქართველოში. Eერი, თავისუფლებადაკარგული და ღირსებააყრილი, ივიწყებს მამულსაც, ენასაც და სარწმუნოებასაც. თამარის ფრესკა კი პოეტის წარმოსახვაში აცოცხლებს დიდებულ წარსულს, როდესაც ღირსეულნი ქართველნი, რწმენით განმტკიცებულნი,  დარაჯად ედგნენ ქვეყნის თავისუფლებას.
„მიხარის გიმზერ,
ვწუხვარ და გიმზერ
             და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
            ჩემი სამშობლოს სულით დაცემას“.
პოეტი დიალოგს მართავს წარსულთან. იგი იწვევს ჩავლილ დიდებას ოცნებით. თამარს ესაუბრება და უმხელს გულისწუხილს:
„ყვავილოვანი წალკოტი შენი,
               შენის დიდების სხივ-მოკლებული,
Aაღარა ჰშვენის,
Aაღრ გვიბრწყინავს,
               შავ დროთა ძალით ფერ_წახდენილი“.
პოეტი თამარ მეფეს ბნელ ფერებში უხატავს ქვეყნის მდგომარეობას. მამულის წახდენის უპირველესი მიზეზი კი ისაა, რომ თამარის დიდება მოაკლდა ერს. შავმა დროებამ ფერი წაუხდინა და დააჭკნო წალკოტი. შავი დრო, პოეტისავე შენიშვნით, გულისხმობს შემოსევებს ლანგ-თემურისას და შაჰ-აბასისას, რომელთაც საშინლად ააოხრეს ქვეყანა.
პოეტს ეჭვი იპყრობს, იყო კი საერთოდ ის დრო, როდესაც ძლევამოსილი საქართველო მტერს იგერიებდა? ტკბილი სიზმარივით გაქრა ძველი დიდება და თამარის დრო მზესავით დიდებულად ჩაესვენა. Aახლა პოეტს ეს მოგონებაღა აცოცხლებს. „ცის შემრისხავი“ ქართველნი წარწყმედის პირას არიან:
 „ვიგონებთ შენს დროს,
 გული გვიმაგროს,
               სრულად არ წავსწყმდეთ ცის შემრისხავნი!“
პოეტი ჩივის თავის უძლურებაზეც, ხნის სიმრავლეზე, დაღლაზე, დაღონებასა და სასოწარკვეთილებაზე. Lლექსი წააგავს აღსარებასაც. პოეტი წმინდა მეფის წინაშე აღიარებს თავის უძლურებას, უმოქმედობას, მცირედმორწმუნეობას.
Lლექსში იქმნება საოცარი კავშირი პოეტსა და წინაპარს შორის. თითქოს ირღვევა დროთა თანმიმდევრობა, პოეტს რწმენა აღავსებს, რომ თამარს ახლაც შეიძლია ჯვარით აკურთხოს ერი, რათა:
„შენი ივერი
აღსდგეს ძლიერი
  და დადგეს ერად სხვა ერთა შორის“.
ძველად, თამარის დროს, ოქროს ხანაში, საქართველო იდგა ერად სხვა ერთა შორის. E„ერად დგომა“ გულისხმობს, უპირველესად, სახელმწიფოებრიობას, ამისთვის კი აუცილებელია ბევრი რამ, მათ შორის პოეტი გამოყოფს უმთავრესს:
           „წმიდით საყდარით,
ენით მდიდარით,
              სწავლისა შუქით განათებული!
ზნე ამაღლებით,
ძლევის დიდებით,
              სამშობლო მიწის სიყვარულითა!”
თუ ერი მოიპოვებს, ან უფრო ზუსტად, აღიდგენს იმას, რაც ჰქონდა _ წმინდა საყდარს, მდიდარ ენას, განათლებულობას,  მაღალ ზნეს, ძალას, სიმტკიცესა და სიყვარულს, მხოლოდ მაშინ შეიძლება ერთიანი, მტკიცე ქვეყნიდან წარმოიშვას ისეთი გენია, როგორიც იყო რუსთველი (ქართული კულტურის სიმბოლო), რომელმაც  „ვეფხისტყაოსნით“ დააგვირგვინა ქვეყნის დიდებულება.
რუსთველის სიტყვას აქვს ძალა ერის გამოღვიძებისა, გაცოცხლებისა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერს დახშობია თითქოს სმენა ჭეშმარიტი სიტყვის მოსასმენად. „უმეცრების ბნელს“ შეუპყრია ქვეყანა. საგულისხმოა, რომ ერის ძლიერების საწინდართა შორის პოეტი, უპირველეს ყოვლისა, ასახელებს „წმინდა საყდარს“.
პოეტი ისეა აღტაცებული თამარის ფრესკის ცქერით, რომ ამ გულამოსკვნილი აღსარებისას შვება ეწვევა. წარმოიდგენს ერის აღდგენას, ამოძრავებას, მაგრამ უცებ კვლავ წარეკვეთება სასო. თითქოს ზეციდან მიწაზე ჩამოვარდება, ოცნება დაემსხვრევა. წარსულთან კავშირი კვლავ ირღვევა. წამიერ თავდავიწყებას ცვლის მტკივნეული გამოფხიზლება. რეალობა აჩენს კლანჭებს:
„მაგრამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი,
           მე ვეღარა მცნობ გულ-შემუსვრილსა,
დამცირებულსა,
ხმა-მიღებულსა,
           ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს“.
თამარმა როგორღა უნა იცნოს დამცირებული, დაბეჩავებული, უბედური, უიმედო ძე?
წინაპართა მიერ შთამომავალთა „ვერცნობა“, საზოგადოდ, მტკივნეული თემაა ორბელიანისათვის. 
კონკრეტული სატკივარი ზოგადდება და პოეტი შეიცნობს წუთისოფლის მუხანათ წარმავლობას. Aამიტომაც მოთქვამს:
„ჰე, ცრუ სოფელო,
დაუნდობელო,
             შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?“
გრიგოლ ორბელიანი თვალნათლივ შეიგრძნობს რეალობის სისასტიკეს _ „დაყრუებულ, გზაშეუვალ“, უდაბურ ტყეში დარღვეულ ტაძარს, მაგრამ იმედი მაინც გამოკრთის ლექსიდან. თუმცა ნახევრად დანგრეულია, მაგრამ ხომ მაინც დგას ტაძარი, სადაც ანათებს წმინდა თამარ მეფის ფრესკა ძველი კედლიდან. ხომ მიაგნო ერთმა ქართველმა მაინც ტაძარს და მუხლმოდრეკილი შეევედრა უფალს საქართველოს ხსნას, მაშ, ყველაფერი დაკარგული არ ყოფილა. კვლავ აღდგება ფერწახდენილი ქვეყანა და დაიბრუნებს თამარის დროინდელ დიდებას, რადგან ერთი ქართველის მეხსიერებაში უკვე დაინთო რწმენის ნაპერწკალი, რომელიც სიტყვის ძალით დიდ ცეცხლად იქცევა.

Monday, November 28, 2016

როგორ უნდა ვაკონტროლოთ ემოციები გამოცდების პროცესში და რა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი წინამორბედი აბიტურიენტების მაგალითზე



ნანა ჩიჩუაფსიქოლოგი:  „რა დროც აქვთ დარჩენილი, ჩვეულ რიტმზე უფრო მეტად, აქცენტი თავად გამოცდებზე უნდა გადაიტანონ, მაგრამ გამოცდების წინა დღეს აკეთონ თავიანთი საყვარელი საქმე. იარონ რაც შეიძლება ბევრი ფეხით. უმჯობესია და სასურველია, ბუნების წიაღში საყვარელ ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მოუსმინონ მოცარტს, ვივალდის და არა მძიმე მუსიკას. იკვებონ ჯანსაღად, დალიონ ბევრი წყალი და არა მინერალური და გაზიანი სასმელები. დაძინების წინ მოადუნონ სხეული და წარმოიდგინონ საგამოცდო სიტუაცია, რადგან საგამოცდო სიტუაციის შეჩვევის ერთ-ერთი თერაპიული პროცედურა სწორედ სიტუაციის წარმოდგენაა.“
 როგორ მოვემზადოთ ფსიქოლოგიურად გამოცდებისთვის?
იმ თვალსაზრისით, რომ გარდა საგნობრივი მომზადებისა, იმავდროულად საჭიროა ფსიქოლოგიური მომზადებაც, რომელიც საგნობრივი მომზადების კვალდაკვალ მიდის. სამწუხაროდ, ამის კულტურა ჩვენთან არ არის.სკოლებში მოსწავლეებს არ ასწავლიან საკუთარი ემოციების მართვას. მათ შორის, სტრესის მართვას. არადა, ეს ძალიან საჭიროა, რამდენადაც ტვინის შემეცნებით და ემოციურ ფუნქციებს შორის, როგორიცაა აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება, რაც გამოცდების დროს აქტუალიზირდება. ეს ცენტრალური ფუნქციებია. ადამიანი ავტომატი არ არის. ბუნებრივია, ემოციები ერთვება, ნეგატიურ ემოციებს კი შეუძლია, გამოიწვიოს ჩავარდნა. ნეგატიური ემოციებია: შფოთვა, დაძაბულობა, წარუმატებლობის შიში და ა.შ. ეს ყველაფერი გამოცდის წინა დღეებში, ასე ვთქვათ, ‘’აყაჩაღებს’’ ადამიანს და ძალებს ართმევს. განსაკუთრებული წვლილი წარუმატებლობაში, ნეგატიურ პროცესებში ფსიქოლოგიურ დისტრესს აქვს. სტრესი კარგი რამ არის, რადგან ამ დროს მობილიზებული ხარ, მაგრამ დისტრესს თან ახლავს ნეგატიური განცდები. დისტრესი სტრესული სიტუაციაა, ოღონდ უარყოფითი ნიშნით. ფსიქოლოგიურად უძლურს გხდის, ფარ-ხმალს დაგაყრევინებს.
 ადამიანები, რომლებსაც მარცხის შიში აქვთ საგამოცდო თუ სხვა სიტუაციაში, ამ მდგომარეობაში იმიტომ კი არ არიან, რომ წარმატებას მიაღწიონ, არამედ იმისთვის, რომ მარცხი არ შეემთხვეთ. ისინი წინასწარ ღელავენ მოსალოდნელ მარცხზე.
დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვების აღზრდას იმ სულისკვეთებით, რომ წარმატებას მიაღწიონ და არა მარცხი აირიდონ. ვინც კარგად არის მომზადებული და წარმატების სურვილი აქვს, ის პროცესზეც ორიენტირებულია, რადგან მას უყურებს როგორც თვითგამოვლენის კარგ საშუალებას. უხარია, რომ რთული კითხვა დაუსვეს, რადგან კარგად უპასუხებს. დადებითი ემოციების კულტივირების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია.
დადებითი განწყობის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია სტრესის დასაძლევად. მნიშვნელოვან როლს მშობლებიც ასრულებენ. შექებისას მტკიცდება განცდა, რომ რაც უფრო უკეთესს გავაკეთებთ, მეტად შეგვაქებენ და პირიქით, რაც უფრო უარესს გავაკეთებთ, მეტად დავისჯებით – მეტი შიში გვექნება. გააჩნია, როგორ გარემოში იზრდება ბავშვი.
გამოცდაზე ემოცია კი არ უნდა აკონტროლო, არამედ საგამოცდო სიტუაციაში უნდა ჩაერთო; ამოცანის გადაწყვეტაზე იყო ორიენტირებული. საგამოცდო სიტუაცია ამოცანის გადაჭრის პროცესია და არა ემოციის კონტროლის. კონცენტრირების და ფოკუსირების უნარი ყველას არ აქვს. განცდები – როგორ ინერვიულა, რას იტყვიან მასზე, შეყვარებული რას იტყვის და ა.შ. – ‘’კუდებივით’’ მოსდევს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გამოცდის დროს საკუთარი თავი გააიგივო საგამოცდო სიტუაციასთან. გამოცდის გარდა სხვა არაფერი უნდა არსებობდეს.