Monday, November 28, 2016
როგორ უნდა ვაკონტროლოთ ემოციები გამოცდების პროცესში და რა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი წინამორბედი აბიტურიენტების მაგალითზე
ნანა ჩიჩუა, ფსიქოლოგი: „რა დროც აქვთ დარჩენილი, ჩვეულ რიტმზე უფრო მეტად, აქცენტი თავად გამოცდებზე უნდა გადაიტანონ, მაგრამ გამოცდების წინა დღეს აკეთონ თავიანთი საყვარელი საქმე. იარონ რაც შეიძლება ბევრი ფეხით. უმჯობესია და სასურველია, ბუნების წიაღში საყვარელ ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მოუსმინონ მოცარტს, ვივალდის და არა მძიმე მუსიკას. იკვებონ ჯანსაღად, დალიონ ბევრი წყალი და არა მინერალური და გაზიანი სასმელები. დაძინების წინ მოადუნონ სხეული და წარმოიდგინონ საგამოცდო სიტუაცია, რადგან საგამოცდო სიტუაციის შეჩვევის ერთ-ერთი თერაპიული პროცედურა სწორედ სიტუაციის წარმოდგენაა.“
როგორ მოვემზადოთ ფსიქოლოგიურად გამოცდებისთვის?
იმ თვალსაზრისით, რომ გარდა საგნობრივი მომზადებისა, იმავდროულად საჭიროა ფსიქოლოგიური მომზადებაც, რომელიც საგნობრივი მომზადების კვალდაკვალ მიდის. სამწუხაროდ, ამის კულტურა ჩვენთან არ არის.სკოლებში მოსწავლეებს არ ასწავლიან საკუთარი ემოციების მართვას. მათ შორის, სტრესის მართვას. არადა, ეს ძალიან საჭიროა, რამდენადაც ტვინის შემეცნებით და ემოციურ ფუნქციებს შორის, როგორიცაა აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება, რაც გამოცდების დროს აქტუალიზირდება. ეს ცენტრალური ფუნქციებია. ადამიანი ავტომატი არ არის. ბუნებრივია, ემოციები ერთვება, ნეგატიურ ემოციებს კი შეუძლია, გამოიწვიოს ჩავარდნა. ნეგატიური ემოციებია: შფოთვა, დაძაბულობა, წარუმატებლობის შიში და ა.შ. ეს ყველაფერი გამოცდის წინა დღეებში, ასე ვთქვათ, ‘’აყაჩაღებს’’ ადამიანს და ძალებს ართმევს. განსაკუთრებული წვლილი წარუმატებლობაში, ნეგატიურ პროცესებში ფსიქოლოგიურ დისტრესს აქვს. სტრესი კარგი რამ არის, რადგან ამ დროს მობილიზებული ხარ, მაგრამ დისტრესს თან ახლავს ნეგატიური განცდები. დისტრესი სტრესული სიტუაციაა, ოღონდ უარყოფითი ნიშნით. ფსიქოლოგიურად უძლურს გხდის, ფარ-ხმალს დაგაყრევინებს.
ადამიანები, რომლებსაც მარცხის შიში აქვთ საგამოცდო თუ სხვა სიტუაციაში, ამ მდგომარეობაში იმიტომ კი არ არიან, რომ წარმატებას მიაღწიონ, არამედ იმისთვის, რომ მარცხი არ შეემთხვეთ. ისინი წინასწარ ღელავენ მოსალოდნელ მარცხზე.
დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვების აღზრდას იმ სულისკვეთებით, რომ წარმატებას მიაღწიონ და არა მარცხი აირიდონ. ვინც კარგად არის მომზადებული და წარმატების სურვილი აქვს, ის პროცესზეც ორიენტირებულია, რადგან მას უყურებს როგორც თვითგამოვლენის კარგ საშუალებას. უხარია, რომ რთული კითხვა დაუსვეს, რადგან კარგად უპასუხებს. დადებითი ემოციების კულტივირების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია.
დადებითი განწყობის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია სტრესის დასაძლევად. მნიშვნელოვან როლს მშობლებიც ასრულებენ. შექებისას მტკიცდება განცდა, რომ რაც უფრო უკეთესს გავაკეთებთ, მეტად შეგვაქებენ და პირიქით, რაც უფრო უარესს გავაკეთებთ, მეტად დავისჯებით – მეტი შიში გვექნება. გააჩნია, როგორ გარემოში იზრდება ბავშვი.
გამოცდაზე ემოცია კი არ უნდა აკონტროლო, არამედ საგამოცდო სიტუაციაში უნდა ჩაერთო; ამოცანის გადაწყვეტაზე იყო ორიენტირებული. საგამოცდო სიტუაცია ამოცანის გადაჭრის პროცესია და არა ემოციის კონტროლის. კონცენტრირების და ფოკუსირების უნარი ყველას არ აქვს. განცდები – როგორ ინერვიულა, რას იტყვიან მასზე, შეყვარებული რას იტყვის და ა.შ. – ‘’კუდებივით’’ მოსდევს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გამოცდის დროს საკუთარი თავი გააიგივო საგამოცდო სიტუაციასთან. გამოცდის გარდა სხვა არაფერი უნდა არსებობდეს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment